კაცები ქალთა საჭიროებებზე
ბოლნისის მუნიციპალიტეტის
სოფლებში ხიდისყურში, ნახიდურში, ჭაპალასა და ცურტავში მდებარე ჩაიხანებს დღეს „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული
თანასწორობისათვის“ სტუმრობდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ ეთნიკურად
აზერბაიჯანელ კაცებს, რომლებიც ჩაიხანების მუდმივი სტუმრები არიან, ორგანიზაციის წარმომადგენლები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების და ქალი ამომრჩევლის როლის გაძლიერების შესახებ
ესაუბრა.
„ჩვენ ვესაუბრებით კანდიდატებს
ქალების პრობლემებზე, ჩვენ ვიცით ყველაფერი, რაც ქალებს ჭირდებათ ის გვჭირდება ჩვენც.
რა თქმა უნდა, არ ვუთითებთ ვის მისცენ ხმა, მაგრამ ვუხსნით რომელი კანდიდატი ჯობია...“
„აბა, ქალმა რა იცის?!
ის, ოჯახით, საქმითაა დაკავებული, რა მაგის საქმეა პოლიტიკა...“
„საერთოდ არ მივცემთ არავის
ხმას, არავინ არაფერს გვიკეთებს, მოვლენ, დაგვპირდებიან და ავიწყდებათ... სულ ერთი
და იგივე ხდება... ჩვენთვის არავინაა, დავიღალეთ უკვე...“
„აი, წყალი არ გვაქვს, ეგაა დიდი პრობლემა, არც დასალევი
წყალია და არც სარწყავი, ზოგ სოფელში სარწყავი წყალი არის, მაგრამ სასმელი წყალი ყველგან
სერიოზული პრობლემაა...“
მსგავს დიალოგებს დღეს ბოლნისის სოფლებში მდებარე ჩაიხანებში
მრავლად მოისმენდით.
„საინტერესო შეხვედრები
ჩავატარეთ. ჩვენ ვესაუბრებით კაცებს ქალთა საჭიროებებზე და ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანია,
რადგან აზერბაიჯანელი კაცი ტრადიციულად ფიქრობს, რომ ქალმა მხოლოდ მინდორში უნდა იმუშაოს,
ძროხა მოწველოს, სახლი დაალაგოს, წყალი მოზიდოს, გარეცხოს, საჭმელი მოუმზადოს... მას
თუ შეიძლება ჰქონდეს საჭიროება ეს ვერც წარმოუდგენია. ამიტომაც, ის, რომ კაცები ამის
შესახებ იგებენ და მართალია, არ მოსწონთ, მაგრამ ჩვენთან დისკუსიაში შემოდიან უკვე
ძალიან კარგია,“
- ამბობს ორგანიზაციის ფასილიტატორი სამირა
ბაირამოვა.
„შეხვედრები ჩაიხანებში’
პროექტის „დაუჭირე მხარი ქალთა პოლიტიკაში ჩართულობას!“ ფარგლებში იმართება, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.
პროექტის მიზანია არჩევნებში ჩართული ყველა მხარის ცნობიერების ამაღლებით, ხელი შეეწყოს 2017 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქალი ამომრჩევლების მონაწილეობის ზრდას.
Comments
Post a Comment