„ჟურნალისტთა ქსელი
გენდერული თანასწორობისათვის“ ჩაიხანებში შეხვედრები დაიწყო
„ჟურნალისტთა ქსელი
გენდერული თანასწორებისათვის“ ქვემო ქართლის რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში გარდაბნის, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების
სოფლებში მდებარე ჩაიხანებში შეხვედრების ციკლს იწყებს.
„საუბრები ჩაიხანებში“
სამივე მუნიციპალიტეტსი 30 სოფელში გაიმართება და
შეხვედრებზე ეთნიკურად აზერბაიჯანელ კაცებს ეთნიკურად აზერბაიჯანელი ფასილიტატორები მათთვის
გასაგებ ენაზე - მათ მშობლიურ ენაზე ესაუბრებიან 21 ოქტომბრის არჩევნების, ქალთა საჭიროებების, ქალი
ამომრჩევლის როლის და საარჩევნო ძალადობის დაუშვებლობის შესახებ. „შეხვედრები
ჩაიხანებში“ უკვე გაიმართა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელში მამხუტში, ქვემო ბოლნისსა
და ტალავერში.
სამივე სოფლის ქალებისთვის
ერთი მთავარი პრობლემა არსებობს - უწყლობა, რომლის მოგვარებასაც ადგილობრივი ხელისუფლებისგან
ქალებთან ერთად კაცებიც ითხოვენ.
„ქალთა საჭიროებების შესახებ გვესაუბრებიან კაცებიც.
სამივე სოფელს თითქმის იდენტური პრობლემები აქვთ, მაგრამ მთავარი პრობლემაა უწყლობა.
ჩვენი პროექტის მიზანია ამომრჩეველ ქალთა როლის გაძლიერება, პროექტის ფარგლებში ვიკვლევთ
ქალთა საჭიროებებს. კაცებთან დისკუსიებს ვმართავთ ამომრჩეველი ქალის როლის გაძლიერებასთან, საარჩევნოდ ძალადობის დაუშვებლობისა
და სხვა მსგავს საკითხებზე. ეთნიკურად აზერბაიჯანელი
კაცები გვეწინააღმდეგებიან და გვეუბნებიან, რომ ქალის საქმე შრომაა, ოჯახია, შვილებია
და მათ მეტი არაფრის კეთება შეუძლიათ, მაგრამ როდესაც ჩვენს ფასილიტატორებს, ასევე, ეთნიკურად აზერბაიჯანლებს - ჭკვიან, განათლებულ
სამირასა და აიდანს უსმენენ, მოსწონთ, აზრს ეკითხებიან და მათგან კონსულტაციებსაც იღებენ,“
- ამბობს „ჟურნალისტთა
ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ რუსთავის გენდერის მედიაცენტრის დირექტორი ხათუნა
მამარდაშვილი, რომლის ინფორმაციითაც, „შეხვედრები
ჩაიხანებში“ ჩატარდება გარდაბნის, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში.
გარდა კაცებისა, შეხვედრები იმართება სოფლად მცხოვრებ ეთნიკურად აზერბაიჯანელ ქალებთანაც,
რომლის მიზანიც მათი საჭიროებების მოკვლევაა.
შეხვედრები ჩაიხანებში
პროექტის „დაუჭირე მხარი ქალთა პოლიტიკაში ჩართულობას!“ ფარგლებში იმართება, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.
პროექტის მიზანია არჩევნებში ჩართული ყველა მხარის ცნობიერების ამაღლებით, ხელი შეეწყოს 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქალი ამომრჩევლების მონაწილეობის ზრდას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ეთნიკურ უმცირესობებზე,
შშმ პირებსა და დევნილებზე. პროექტი საქართველოს 8 რეგიონის 12 ქალაქში განხორციელდა.
Comments
Post a Comment