2017 წლის არჩევნების შედეგად საკრებულოს დეპუტატი მხოლოდ 277 ქალი გახდა


„ჟურნალისტთა ქსელმა გენდერული თანასწორობისათვის“ 2017 წლის თვითმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგების გენდერული ანალიზი მოამზადა.

არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, თბილისსა და საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში სულ 277 ქალი (13.4%) და 1781 მამაკაცი (86.6%) აირჩიეს. 2017 წელს არჩეულ ქალთა რაოდენობა მხოლოდ 1.8%-ით აღემატება წინა 2014 წლის თვითმართველობის დროს არჩეულ ქალ დეპუტატთა საერთო ჯამს (11.6%).
2014 წლის თვითმართველობის არჩევნებთან შედარებით არჩეულ ქალთა რიცხვი გაიზარდა რეგიონებში. თბილისის საკრებულოში კი 6%-ით შემცირდა და 20% შეადგინა. 2017 წლის არჩევნების შედგად საკრებულოებში ქალთა წარმომადგენლობა ყველაზე მაღალი არის რაჭა-ლეჩხუმ- ქვემო სვანეთში (19%) და ყველაზე დაბალი აჭარაში - 10.4%
ყველაზე დიდი ზრდა კახეთში დაფიქსირდა და მიაღწია 11.3%-ს, მაშინ როდესაც წინა მოწვევის საკრებულოებში კახეთში ქალთა წარმომადგენლობა 4%-ს აღწევდა. საკრებულოებში ქალთა წარმომადგენლობის პროცენტული მაჩვენებლების სხვა რეგიონებში შემდეგნაირად გამოიყურება. გურია - 16.3%; იმერეთი- 15.3%; მცხეთა-მთიანეთი - 15.3%; სამეგრელო-ზემო სვანეთი - 13.5%; შიდა ქართლი 12.3%; ქვემო ქართლი - 12%; სამცხე-ჯავახეთი 12%.

ყველაზე მეტი 10 ქალი გახდა ხარაგაულის საკრებულოს წევრი. მარნეულის საკრებულოში კი არც ერთი ქალი არ იქნა არჩეული. თითო ქალია არჩეული დედოფლისწყაროს და აბაშის საკრებულოებში.

გაზეთ „კახეთის ხმის“ რედაქტორის მაია მამულაშვილის განცხადებით, „ჟურნალისტთა ქსელმა გენდერული თანასწორობისათვის“ და თელავის გენდერის მედიაცენტრმა წინასაარჩევნოდ უდიდესი ძალისხმევა გასწია, რომ მომხდარიყო ადგილობრივ თვითმართველობებში ქალთა წარმომადგენლობის ზრდა. „შესაძლოა ამ ძალისხმევის შედეგია ის, რომ კახეთში თითქმის 3-ჯერ გაიზარდა ქალთა წარმომადგენლობა, მაგრამ საერთო შედეგები კვლავ სავალალოა. მიუხედავად პარტიების და მათ შორის მმართველი პარტიის უმრავი დაპირებისა, რომ გაზრდიდნენ ქალთა წარმომადგენლობას, ეს მაინც არ მოხდა. ის რომ თელავის საკრებულოში არც ერთი ქალი არ იყო და ახლა 3 ქალია, ვერ იქნება სიხარულის საფუძველი. ფაქტია, რომ ქალების ხმას ისევ ვერ გაიგონებენ სათანადოდ მომდევნო 4 წლის განმავლობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ სათანადოდ ვერ განვითარდება ვერც ქვეყანა და ვერც დემოკრატია!“.
შენიშვნა: სტატიაში მოყვანილი მონაცემები დათვლილია უშუალოდ „ჟურნალისტთა ქსელის მიერ“, არ არის ოფიციალურად დადასტურებული და შესაძლოა შეიცავდეს უმნიშვნელო უზუსტობას. შედეგები შესაძლოა შეიცვალოს არჩევნების მეორე ტურის და საარჩევნო დავების შესაბამისად.

Comments

Popular posts from this blog

ის, თუ ვის ავირჩევთ, პირდაპირ უკავშირდება ჩვენს მომავალს

„ქალის ყოფნა პოლიტიკაში აუცილებელია“