მუხროვანი - მიტოვებული სოფელი
სოფელი მუხროვნი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელია, ახალსოფლის თემში შედის. გარდაბნიდან სულ
რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული. სოფელში აჭარელი ეკომიგრანტები და ეთნიკურად
აზერბაიჯანლები ცხოვრობენ. მუხროვანს კითხვა-კითხვით, გაჭირვებით მიაგნებ, რადგან
სოფლის აღმნიშვნელი ტრაფარეტი არსად არსებობს. არასამთავრობო ორგანიზაცია „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“
წარმომადგენლებმა პროექტის „დაუჭირე
მხარი ქალთა პოლიტიკაში ჩართულობას“ ფარგლებში 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის
არჩევნებზე და ქალთა საჭიროებებზე სასაუბროდ მუხროვანელებთან შეხვედრა გამართეს.
მუხროვანში მცხოვრებ ეთნიკურად აზერბაიჯანლებს „ჟურნალისტთა
ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ წარმომადგენლები სოფლის „ბირჟაზე“ შევხვდნენ.
„ქართულად არ გაქვთ?! ჩვენ არ ვიცით აზერბაიჯანულად კითხვა,“ -
აზერბაიჯანულენოვანი საინფორმაციო ბანერის დადგმისა და საინფორმაციო ფურცლების
დარიგების შემდეგ ორგანიზაციის წევრებს უაქცენტო ქართულით შეკითხვა დაუსვა
ერთ-ერთმა მუხროვანელმა. როგორც აღმოჩნდა, მუხროვანში მცხოვრებ
ეთნიკურ აზერბაიჯანლებს საშუალო განათლება ქართულენოვან სკოლაში აქვთ მიღებული,
შესაბამისად, დიდმა ნაწილმა აზერბაიჯანულად წერა-კითხვა არ იცის, მოსახლეობა
ქართულად გამართულად საუბრობს. ამიტომაც, ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები სხვა ეთნიკური
აზერბაიჯანლებისგან განსხვავებით ქართული ენის სწავლის საჭიროება მათთვის არ
არსებობს და ასევე, მათგან განსხვავებით, ყველა პრობლემა ამ ერთ პატარა სოფელშია
თავმოყრილი.
სასმელი წყალი,
საძოვრები, სასოფლო-სამეურნეო მიწა, მუნიციპალური ტრანსპორტი, სამედიცინო პუნქტი, ნაქირავები
9-კლასიანი სკოლა, წლების წინ დაპირებული ბაგა-ბაღი - ამ და სხვა სოციალური პრობლემების
მოგვარებას მუხროვანელები წლებია ელიან, მაგრამ უშედეგოდ, ამიტომაც, გადაწყვიტეს,
რომ 21 ოქტომბრის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადონ. „ერთი წუთით მაინც დაინტერესებულიყვნენ ჩვენი ცხოვრებით, მაინც არავინაა
ჩვენი პატრონი და რა აზრი აქვს ჩვენს არჩევნებში მონაწილეობას,“ - ამბობს ჯალალ
მუსტამოვი და მას მთელი სოფელი ეთანხმება.
„ხალხო,
ადამიანებო, 21-ე საუკუნეში წყალს ვნატრობ...
წყალი მინდა, დღეში ერთი საათით რომ მოდიოდეს იმას ვნატრობთ... რამდენიმე კილომეტრით დაშორებით ცხოვრობენ
აჭარელი ეკომიგრანტები და მათთან ჩვეულებრივად მოდის, ჩვენთან არა. წნევა არ
ყოფნის წყალს თქვენამდე რომ მოაღწიოსო, აი, აქამდე მოიყვანეს მილები და გაჩერდნენ...
წლებია ეს მილები დაყრილია და ჩვენი პატრონი არავინაა... წყალი მინდა, წყალი... განსაკუთრებული
მოთხოვნაა?!“ - ამბობს რაჰილა იაკუბოვა. რა თქმა უნდა, სოფელს არც სარწყავი
წყალი აქვს და შესაბამისად, ვერც ბოსტნის მოყვანას და ბაღის გახარებას ახერხებენ. „მწვანილსაც კი ვყიდულობთ,“ - ამბობენ
მუხროვანელი ქალები.
მუხროვანელები
ამბობენ, რომ რწმუნებული სამი წლის წინ ნახეს, როცა წყლის მილები გაიყვანეს და მას
შემდეგ თვალიც აღარ მოუკრავთ. როგორც ამბობენ, გამგებელთან შეხვედრას აზრი არ
აქვს, გუბერნატორს კი არ შეახვედრეს.
„გუბერნიაში ჩავედით
მთელი სოფელი, გუბერნატორთან გვინდოდა შეხვედრა, ჩვენი პრობლემები მოგვეყოლა,
დარბაზში შეგვიყვანეს, ჩაგვკეტეს, გვალოდინეს, გვალოდინეს და მერე გვითხრეს
გუბერნატორი ახლა არ არის, ვერ შეგხვდებათო... არავინ შეგვხვდა, ისე გამოგვიშვეს
უკან. ეს გამგებელი გინდა ყოფილა, გინდა არა - ჩვენთვის. ჩავედით და გვითხრა, წადით, 15 წუთში მოვალ
სოფელშიო, იმის მერე მოდის... რწმუნებული წლებია არ გვინახავს... ჩვენი არსებობა
ყველას დაავიწყდა,“ - მუსტაფ ისმაილოვი ქალთა საჭიროებებზე საუბრისას წლების
წინ დაპირებულ ბაგა-ბაღსაც იხსენებს: „აი,
ეს ბავშვები ბაღში უნდა დადიოდნენ, მაგრამ დიდი ნაწილი ვერ
ახერხებს ბავშვები სართიჭალაში, ლილოში ან
გარდაბანში ატაროს ბაღში. ვისაც შეუძლია „მარშუტკები“ ჰყავთ დაქირავებული, 50 ლარს იხდიან თვეში და ლილოში დაჰყავთ ბავშვები ბაღში. აი, აქ ბაღი
უნდა აშენებულიყო, წლების წინ
დაგვპირდნენ, მაგრამ...“
მუხროვანელები კიდევ
ერთი პრობლემის შესახებ საუბრობენ - საძოვრების არ არსებობაზე, უფრო ზუსტად, სოფლის
საძოვრები თავის დროზე მოსახლეობისგან მალულად კაპიკებად გაიყიდა და ახლა ძროხები
რომ აბალახონ მეპატრონეს ფულს უხდიან - არც თუ იაფს. „აი,
აგერ შეგროვებული მაქვს ფული, ახლა 7 ათასი ლარი უნდა გადავუხადოთ საძოვრის
მეპატრონეს. ერთი მტკაველი მიწა არ არის ჩვენი, თავის
დროზე თანამდებობის პირმა იყიდა და ვართ ასე... ახლა ფულს ვუხდით...“ - შეგროვებულ ფულს გვაჩვენებს მადონა აირბარიმოვა,
რომელიც სოფელში სამედიცინი პუნქტის გახსნის საჭიროებაზე საუბრობს და ამბობს, რომ
სოფელში ოჯახის ექიმიც კი არ არის, რომ პირველადი დახმარება მიიღონ.
„წარმოიდგინეთ, ტრაფარეტიც
კი არ არის გაკეთებული სადმე, სოფლის მიმართულება რომ აჩვენოს. სოფლის
შემოსასვლელშიც კი არ დგას ტრაფარეტი... არსად ვწერივართ, ვართ ასე მიგდებულები. ტრადიციულად,
სასწრაფოს რომ ვიძახებთ ზევით, სამხედრო დასახლების მუხროვანში ან კახეთისკენ
მიდის, ეშლებათ, რადგან მაჩვენებელი არსადაა. იმ დღეს მესამე ჯერზე ძლივს მოვიდა
სასწრაფო დახმარების ბრიგადა, წინა ორი სხვაგან წავიდა,“ - ყვება არიფ
სამადოვი.
„ყველა პრობლემა ამ
სოფელშია თავმოყრილი, ყველასგან მიტოვებულები ვართ... ვცხოვრობთ არჩევნებიდან არჩევნებამდე...
მაგ პერიოდში ვახსენდებით, მოდიან კანდიდატები, დაპირებებს ჩამოგვირიგებენ და არჩევის
მერე აღარავის ვახსოვართ... ჩვენს არსებობას არავისთვის აქვს მნიშვნელობა და
ამიტომაც არჩევნებს ბოიკოტს ვუცხადებთ! არ მივდივართ არჩევნებზე ეს გადაწყვეტილია,“ - თემურ რუსტამოვს მუხრანში
მცხოვრები სხვა ეთნიკური აზერბაიჯანლებიც ეთანხმებიან.
შეხვედრა მუხრანელებთან პროექტის „დაუჭირე მხარი ქალთა პოლიტიკაში ჩართულობას!“ფარგლებში გაიმართა, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.
პროექტის მიზანია არჩევნებში ჩართული ყველა მხარის ცნობიერების ამაღლებით, ხელი შეეწყოს 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქალი კანდიდატების და ქალი ამომრჩევლების მონაწილეობის ზრდას.
"ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის" მსგავსი შეხვედრები -
„საუბრები კაცებთან“ ქვემო ქართლის სამ
მუნიციპალიტეტში გარდაბანში, მარნეულსა და ბოლნისში ჩაატარა. პროექტის ფარგლებში 30 დისკუსია
გაიმართება, ძირითადად, ეთნიკურად აზერბაიჯანელ კაცთა თავშეყრის ტრადიციულ
ადგილებში - ჩაიხანებში.
Comments
Post a Comment