ქალთა მდგომარეობა საქართველოს პოსტ-კონფლიქტურ ზონებში

საქართველო ტრადიციული ქვეყანაა და ეს ტრადიციები ხშირად მძიმე ტვირთად აწევს მას. პატრიარქალურ საზოგადოებაში, რომელიც წარსულის ხარჯზე, საუკუნეების კულტურით არის გაჯერებული ძნელად პასუხობს ახალი ათასწლეულის გამოწვევებს. გენდერული დისბალანსის პირობებში, რიმელიც გვხვდება ყველგან- პოლიტიკაში, ბიზნესში, სამოქალაქო საზოგადოებაში, რთულია ქალის როლის წარმოჩენა და მისი სრულყოფილი დამკვიდრება. ქვეყანაში სადაც რელიგიას თითქმის სრული მხარდაჭერა და გავლენა აქვს ერთპიროვნულად ლიდერობს. 21-ე საუკუნეში კი ქალებს აღარ სურთ მხოლოდ სამზარეულოში ყოფნა და ძნელად, მაგრამ მაინც მიიწევენ საზოგადოებრივ ასპარესზე გამოსასვლელად. როდესაც  ქალთა მდგომარეობას განვიხილავთ საქართველოში ასევე უნდა ვთქვათ, რომ მით უფრო რთული სიტუაცია გვაქვს ქვეყნის პოსტ-კონფლიქტურ ზონებში. ამას ისიც ემატება, რომ  ისინი მოწყვლად ჯგუფებს განეკუთვნებიან და ომის შემდგომი პერიოდის პირობებში მრავალ სიძნელესთან უწევთ გამკლავება.

უსაფრთხოება, სარწყავი წყლის უქონლობა, სოციალური სიდუხჭირე, ჯანდაცვისა და განათლების ხელმიუწვდომლობა, მიგრაცია, კულტურის სახლებისა და ბავშვთა გასართობი მოედნების არარსებობა-ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ ქალებს აღელვებთ.
როცა ქალთა მდგომარეობაზე ვსაუბრობთ პოსტ-კონფლიქტურ ზონებში უმჯობესია აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთზე ცალ-ცალკე ვისაუბროთ. მართალია იქ ამჟამინდელი მდგომარეობა პრობლემათა თითქმის იდენტურობას წარმოშობს თუმცა ორივე განსხვავდება ერთმანეთისაგან.
ცხინვალის რეგიონი (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი) პატრა ადმინისტრაციული ერთეულია, სადაც მცხოვრები  ქართველი და ოსი ქალბატონები სოფელ ერგნეთის ბაზრობით (ე.წ. „ერგნეთის ბაზარი“ ) თავს ირჩენდნენ და ოჯახებს ინახავდნენ. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ეს ბაზრობა დაიხურა. შეწყდა მხარეებს შორის კომუნიკაცია მათ შორის სერიოზული დარტყმა განიცადა სახალხო დიპლომატიამ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ასეთ სიტუაციებში უფრო ხშირად ქალები ზარალდებიან. დაკვირვებამ აჩვენა, რომ მოვაჭრეთა რიცხვი და ეკონომიკური მოგება თითქმის 100%-ით ქალებზე მოდიოდა. დღეს ეს ქალბატონები სახლში სხედან და უკიდურეს სიღარიბეში არიან. არადა სწორედ ეს ქალები იყვნენ კონფლიქტურ ზონაში მყოფი ოჯახების მთავარი შემომტანები.
როგორც ქართულ ასევე ოსურ სოფლებში მცხოვრები ქალების უსაფრთხოება არ არის დაცული. ისინი დგანან კრიმინალური ქმედებებისა და ნაღმზე აფეთქების საშიშროების წინაშე. პარალელურად ბავშვებს ვერ აძლევენ სათანადო განათლებას, ხშირად კვირაობით უწევთ სკოლის იძულებით გაცდენა. ეს მაშინ ხდება, როცა ბუფერულ ზონებში სიტუაცია იძაბება.
ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორც დევნილების, ასევე ადგილობრივი მცხოვრებლებისა საკმაოდ მძიმეა. ბავშვებს არა აქვთ სრულფასოვანი კვება. შეიარაღებული კონფლიქტის დროს მიღებული ფსიქოლოგიური ტრავმების შედეგად გაჩნდა სპეციფიკური დაავადებები. კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ქალები მუდმივი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იმყოფებიან.
გავრცელებულია სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები. ქალებისა და კაცების რეპროდუქციული ჯანმრთელობა არადამაკმაყოფილებელია. ბავშვებისათვის არ არსებობს ნორმალური განვითარების პირობები.
რეგიონში არ ფუნქციონირებს  გენდერის თემაზე მომუშავე ძლიერი არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციები. საზღვარზე რამდენიმე  NGO მაინც მუშაობს, თუმცა მათ არ შესწევთ უნარი დაიცვან დევნილთა და ქალთა უფლებები. რამდენიმე ორგანიზაცია თბილისიდან ცდილობს ქართველ და ოს ქალებს შორის  დიალოგის გამართვას, რათა
აღდგეს 2008 წელს დანგრეული ურთიერთობა.
აფხაზეთში მცხოვრები ქალების მდგომარეობა სრულებით განსხვავებულია. ქალაქ გალში, სადაც ეთნიკური ქართველები და აფხაზები საუკუნეების მანძილზე ცხოვრობდნენ, დღესაც ერთად არიან. გალში ხშირად ჩადიან დევნილი ქალები, სადაც თხილის მოსავალი აქვთ და იძულებული არიან რისკის ფასად იმუშაონ გადარჩენისთვის.
რუს სამშვიდობოებს, რომლებიც კონფლიქტის ზონაში მონიტორინგს ახორციელებენ, არ შეუძლიათ რეალური უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ფაქტიურად გალში მცხოვრები ადამიანები იძულებული არიან შეეგუონ მრავალ პრობლემას რათა გადარჩნენ. მათთვის არ არის უზრუნველყოფილი ფიზიკური, ფსიქოლოგიური, იურიდიული და მატერიალური უსაფრთხოება. ოჯახები ცხოვრობენ საკუთარი რისკის ფასად.
გავრცელებული სტერეოტიპების მიხედვით ქალების დაბრუნება პოსტ-კონფლიქტურ ზონებში ნაკლებად საშიშია. ამიტომ ხშირად ოჯახები ქალებს აგზავნიან მოსავლის ასაღებად კარმიდამოებში. ასეთი ქმედებით ქალები ფიზიკურ, ფსიქოლოგიური და მორალური წნეხის ქვეშ აყენებენ საკუთარ თავს.
განსაკუთრებულ შეშფოთებას ჯანმრთელობის დაცვის კუთხით არსებული სიტუაცია იწვევს. გახშირებულია ტუბერკულიოზის შემთხვევები. სოფლებში: აუბედია, აჩიგვარა და ოქუმი ბოლო 15 წლის განმავლობაში არც ერთ ქალს  არ ჰქონია შესაძლებლობა ჩვენებოდა გინეკოლოგს. მობილურმა სამედიცინო ჯგუფებმა აღნიშნულ სოფლებში ასევე სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების უამრავი შემთხვევა დააფიქსირეს.
ქვედა გალში (რომელიც ყველაზე უფრო საშიშ ზონად ითვლება) ქალები იმყოფებიან უზარმაზარი  ზეწოლის ქვეშ და ხშირად ხდებიან თავდასხმისა და ძალადობის მსხვერპლნი. ქალების უსაფრთხოება  გალის რაიონში არ არის დაცული. არ არსებობს სტრუქტურა, რომელიც დაეხმარება ქალებს, განაცხადონ ძალადობის შემთხვევების შესახებ და მოითხოვონ მხარდაჭერა. აფხაზეთში უსაფრთხოების საკითხების მოგვარება ევალება კომისიას, რომელიც მთლიანად მამაკაცებისაგან შედგება. დაუდასტურებელი ინფორმაციით ხშირად ამ კომისიაში მყოფი კაცები ახდენენ ძალადობას ქალებზე და ადვილი წარმოსადგენია თუ როგორ განიხილავენ ისინი მსხვერპლ ქალთა საკითხებს. როდესაც რაიმე ძალადობას აქვს ადგილი აფხაზეთში ქალთა მიმართ, არც არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს არ გააჩნიათ ძალადობის მსხვერპლთან დაკავშირების საშუალება. შესაბამისად არ არის გამოყენებული საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებული დაცვის მექანიზმები და ვერ ისჯებიან დამნაშავეები.
პოსტ-კონფლიქტურ ზონებში (აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში) მცხოვრებ ქალებზე საუბრისას უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო დოკუმენტები, რომლებიც უზრუნველყოფს ამ ადამიანთა დაცვას, საკმარისად არ არის გამოყენებული არც მთავრობის და არც თავად ქალთა საზოგადოების მიერ. საუბარია გაეროს უსაფრთხოების საბჭოს 1325 რეზოლუციაზე, რომელიც ეხება ომის გავლენას ქალებზე, ასევე ქალების წვლილს კონფლიქტის მოგვარებასა და მშვიდობის შენარჩუნებაში. 
დათო ლიკლიკაძე, 
ჟურნალისტი

Comments

Popular posts from this blog

ის, თუ ვის ავირჩევთ, პირდაპირ უკავშირდება ჩვენს მომავალს

„ქალის ყოფნა პოლიტიკაში აუცილებელია“