დისკუსია ქალ კანდიდატებთან ქალთა საჭიროებებზე

რუსთავში,  ქვემო ქართლის ტელერადიო კომპანიის საპრესკონფერენციო დარბაზში, “ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის” რუსთავის გენდერის მედიაცენტრის ორგანიზებით  გაიმართა შეხვედრა პოლიტიკური პარტიების, ქალი კანდიდატებისა  და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომელთაც ორგანიზაციის მიერ  რუსთაველ ქალთა საჭიროებების შესახებ მომზადებული ანგარიში გააცნეს.


უმუშევრობა, საბავშვო ბაღების სიმცირე, დაზიანებული შიდა გზები, გარეუბნებში გარე განათებების არ არსებობა,  სასმელი წყლის შეზღუდვა, მუნიციპალური ტრანსპორტის სიმცირე, შშმ პირებისთვის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პანდუსების არ არსებობა და  არაადაპტირებული მუნიციპალური ტრანსპორტი;  სტუდენტებისთვის პრობლემური მგზავრობის ტარიფი;  გაუმართავი კანალიზაციის სისტემა და  დატბორილი სარდაფები;  ანტისანიტარია საცხოვრებელ კორპუსებში - ეს, ის ძირითადი პრობლემებია, რომელთა მოგვარებასაც რუსთაველი ქალები ადგილობრივი თვითმმართველობისგან ითხოვენ და რომელთა შესახებაც გამართულ შეხვედრაზე მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატებმა მოისმინეს.


„რუსთავში საცხოვრებელ კორპუსებში დღემდეა ნაგვის ბუნკერები, რაც ანტისანიტარიის კერას ქმნის, კორპუსებია სავსეა მღრღნელებით, ვირთხებით და მათი დალუქვა და ბუნკერების გარეთ გატანა ვერ მოხერხდა ამდენ ხანს... თუმცა, უფრო მეტი პრობლემა შეიქმნა იქ, სადაც ბუნკერები გაიტანეს, იქ უარესი ანტისანიტარიაა, გადავსებულია ყუთები და გარეთ ყრია ნაგავი... ქალაქში ზოგადად, დასუფთავების სერიოზული პრობლემაა,“ - განაცხადა “სახალხო –  ხალხის ერთსულოვნებ”-ს მერობის კანდიდატმა ანნა კეკენაძემ, რომელმაც ასევე, ადგილობრივი ბიუჯეტის არასწორ დაგეგმარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბიუჯეტში სოციალური პროგრამები არ იყო მიზნობრივად გაწერილი, რის გამოც, არასამთავრობო ორგანიზაციამ, სადაც ის საქმიანობდა რუსთავის მერიასთან აქციაც გამართა. ანა კეკენაძის თქმით, ყველაზე პრობლემატური საკითხი ქალაქისთვის  სტუდენტების სტაჟირების პრობლემაა და აუცილებელია ადგილობრივმა ხელისუფლებამ სტუდენტებისთვის ფასიანი სტაჟირების პროგრამები აამოქმედოს, რათა რუსთაველმა სტუდენტებმა შესძლონ თვითრეალიზება და სპეციალობების მიხედვით გაიარონ კვალიფიკაცია.  გარდა ამისა, მან ისაუბრა სტუდენტების მგზავრობის საფასურზე,  რომელიც 2,50-ია და რომელიც მძიმე ტვირთად აწვებათ სტუდენტებს. მისი თქმით, ხშირია შემთხვევები, როცა სტუდენტები უსახსრობის გამო ვერ მიდიან თბილისში და უწევთ ლექციების გაცდენა.  


„ქალაქაში ბევრი პრობლემაა და  ისეთიც, რომლის არსებობა  უხერხულიცაა.  მთავარი მაინც ის არის, რომ რუსთავში არ არის სამოქალაქო საზოგადოება, ისინი არ არიან აქტიურები, არ სთხოვენ ხელისუფლებას, არ აკონტროლებენ მას... მათ უნდა მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმარებაში და შემდეგ გააკონტროლონ მისი ხარჯვა, მაგრამ სამწუხაროდ, სამოქალაქო აქტიურობა რუსთავში არ არის... აი, მაგალითად, საცხოვრებელი კორპუსების დასუფთავების თემა,  ამხანაგობებმა თავად უნდა მოაგვარონ ეს საკითხი და არ უნდა ელოდონ მერიას,“ - განაცხადა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ რუსთავის ოფისის ხელმძღვანელმა ეკატერინე ფავლენიშვილმა, რომელმაც ბიუჯეტის დაგეგმარებისა და ქალაქ რუსთავის გავითარების შესახებ მისეული ხედვა გააცნო შეხვედრის მონაწილეებს. გარდა ამისა, მან ისაუბრა   სტუდენტების სტაჟირების პროექტის ამოქმედებაზე.
„ის, რომ რუსთავში კარგ განათლებას იღებენ ბავშვები ფაქტია, მაგრამ შემდეგ აღარ ხდება მათი განვითარება, რუსთავი ახალგაზრდებისთვის უსიცოცხლო ქალაქია. ადგილობრივმა თვითმმართველობამ უნდა განახორციელოს პროექტები, რათა მოხდეს მათი სტაჟირებები, კვალიფიკაციის ამაღლება,“ - განაცხადა საის რუსთავის ოფისის ხელმძღვანელმა ეკა ფავლენიშვილმა.


„ინფორმაციულობის თვალსაზრისით საინტერესო იყო შეხვედრა. რა თქმა უნდა, ყველა ის პრობლემა, რომელიც რუსთაველ ქალებს აწუხებთ ჩემთვის ნაცნობია, როგორც კანდიდატი, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ პროგრამაში სხვა სოციალურ პრობლემებთან ერთად შეტანილი იყოს ქალთა საჭიროებებიც.  პირადად მე  ვიქნები ქალების ხმა თვითმმართველობაში.   გეტყვით, რომ საზოგადოების, განსაკუთრებით, ქალების სამოქალაქო ცხოვრებაში ჩართვისა და მათი გააქტიურების მიზნით, რუსთავის ბიბლიოთეკაში არსებული „ამერიკული კუთხე“ იწყებს  შეხვედრებს ქალებთან, მათი ცნობიერების ამაღლების მიზნით. შეხვედრები სხვადასხვა საკითხებზე   ჩატარდება და  ნებისმიერ მსურველ ქალს შეუძლია მასზე დასწრება,“ _ განაცხადა „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ნინო ქავთარაძემ. 
შეხვედრაზე  მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებმა ისაუბრეს  ქალთა საჭიროებების მოგვარების მათეულ პროგრამებზე. შეხვედრა დისკუსიის ფორმატში დაახლოებით ორი საათს  გაგრძელდა.


პროექტი დაუჭირე მხარი ქალთა პოლიტიკაში ჩართულობას!“  საქართველოს 8 რეგიონის 12 ქალაქში განხორციელდა და სხვადასხვა ტიპის აქტივობებით იყო დატვირთული, ძირითადი აქცენტი გაკეთდა ქალთა საჭიროებების გამოვლენაზე, რომლის შესახებაც მომზადდა ანგარიში (ანგარიშის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ https://uploadfiles.io/5ze6t ) და რომელიც პოლიტიკური პარტიებს, კანდიდატებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს გაეცნო. რუსთავში გამართული შეხვედრაც ანგარიშის გაცნობას ისახავდა მიზნად. მსგავსი ტიპის დისკუსიები იმ რვა რეგიონშიც გაიმართა, სადაცჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვისგენდერის მედიაცენტრები არსებობენ და სადაც გამოვლინდა ქალთა საჭიროებები.
პროექტიდაუჭირე მხარი ქალთა პოლიტიკაში ჩართულობას!“ ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით
პროექტის მიზანია ამომრჩეველი ქალების საჭირობების გამოვლენა და არჩევნებში ჩართული ყველა მხარის ცნობიერების ამაღლება, რათა ხელი შეეწყოს 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქალი ამომრჩევლების მონაწილეობის ზრდას.



Comments

Popular posts from this blog

ის, თუ ვის ავირჩევთ, პირდაპირ უკავშირდება ჩვენს მომავალს

„ქალის ყოფნა პოლიტიკაში აუცილებელია“