ქალის ბლოგი
               თანასწორობა



თანასწორობა... საკითხი, რომელიც  დღემდე აქტუალობას არ კარგავს. ბევრი ბრძოლა გამართულა თანასწორობის მისაღწევად ეს იქნება: რასობრივი, რელიგიური თუ სოციალური, თუმცა  ქალისა და მამაკაცის თანასწორობაზე საუბარი დღეს 21-ე საუკუნეშიც კი, ირონიულ ღიმილს იწვევს ე.წ. „ძლიერი სქესის“ ზოგიერთ წარმომადგენელში. ისინი ასე აღზარდეს, მათ  შთააგონეს, რომ ქალებზე წინ დგანან, მათზე ჭკვიანები, ნიჭიერები, რისკიანები და „ძლიერნი ამა ქვეყნისანნი“ არიან და ეს ყველაფერი ისევ ქალებმა - დედებმა ასწავლეს.
სამწუხრო ფაქტია ის, რომ გოგოს დაბადება ჩვეულებრივი, ზოგჯერ არასასაიმოვნოც კია, სამაგიეროდ, ბიჭის ამქვეყნად მოვლენაა ნამდვილი დღესასწაული,  გაუთავებელი სუფრებითა და სამახარობლო თოფის ბათქა-ბუთქის ფონზე: „ბიჭია, ბიჭის“ შეძახილებით.  
ბებიაჩემს ჩემი გოგოდ დაბადება საშინლად გაუპროტესტებია (თითქოს ჩემი ბრალი იყო, ან თვითონ რა გოგო არ იყო?!) „ის გასკდა,  კიდევ გოგოაო“...  მე მეორე შვილი-გოგო ვარ სვანების ოჯახში. კიდევ კარგი მამამ დამიცვა... ჩემს შემდეგ ისევ გოგო დაიბადა ულამაზესი, ჩვენი ოჯახის მშვენება და შვილიანობა ამით დასრულდა. მშობლები ზრუნავდნენ რაც შეეძლოთ, განათლება მოგვცეს, არაფერი დაუკლიათ ჩვენთვის და არასოდეს უფიქრიათ, რომ ვინმე აკლდათ - ბიჭს ვგულისხმობ.  ზოგიერთები მრავალფეროვან გუშემატკივრულ კითხვებს სვამდნენ, კომენტარები ხომ მთლად „გადასარევი“ იყო: „ასეთ კარგ კაცს ბიჭი როგორ არ ჰყავს, თან რა შვილი ეყოლებოდაო...“ მახსოვს, სიბრაზის ცრემლები როგორ დავმალე, როცა გავიგე: „ალბათ ცოლის ბრალია“, „დედააა, რა რთული იქნება სამი გოგოს მამობაო“ და  რომელი ერთი გავიხსენო... მერე გამოსავალს თვითონვე პოულობდნენ. „სასწაული“ ფრაზა დამამახსოვრდა: „ნამდვილ კაცებს ჰყავთ გოგოები“... თავიდან ვერ მივხვდი რას გულისხმობდა, გავერკვიე და...   
პატარაობიდანვე გამიჩნდა პროტესტი ბავშვების  გოგოებად და ბიჭებად გაყოფაზე. სულ მეუბნებოდნენ: „ის ბიჭია, რასაც ის გააკეთებს, შენ იგივე არ უნდა გაიმეორო, შენ გოგო ხარ“. მეკრძალებოდა ფეხბურთის თამაში და რომ დამინახავდნენ  ბიჭებიც ამრეზით ამბობდნენ: „აუ, გოგო მოვიდა, ხელს შეგვიშლის.“ პროტესტის გრძნობა გამიჩნდა და... თმა მოკლედ შევიჭერი, შარვალი ჩავიცვი, ველოსიპედის ტარება ვისწავლე, ორბორბლიანი საგორაოც მქონდა და ფეხბურთსაც ვთამაშობდი - ზოგ ბიჭზე უკეთესადაც. „თხა, ქაჯი“  -  ასე „მამკობდნენ“ გოგოები.
კიდევ ერთი ამბავი მახსოვს ბავშვობიდან. ორი ნაცნობი გოგო და ბიჭი აბიტურიენტები იყვნენ, გოგო ყველა საგანში სჯობდა ბიჭს და ამბობდნენ: „ბიჭის ტვინი აქვსო“...  მაშინაც და ახლაც მაკვირვებს ჭკვიანი ქალის შეფასების ეს ტრადიციული ფრაზა: „კაცის ტვინი აქვს“...  ჩვენ, ქალებს არ შეგვიძლია ვიაზროვნოთ, ვისწავლოთ და ვაჯობოთ?!... დღემდე ეს ფრაზა უხეშად მხვდება ყურში,  განსაკუთრებით, მასწავლებელი ქალებისგან - ისინი  ხშირად ხაზს უსმევენ მამრობითი სქესის უნიკალურობას (ჩვენც ქალები ერთადერთნი ვართ და ანალოგი არ მოიძებნება, მაგრამ ამას  არავინ გვასწავლის) და როცა ბავშვობიდან ზედმეტად დიდ წარმოდგენას ვუქმნით საკუთარ შესაძლებლობებზე, მაშინ აღარ უნდა გვიკვირდეს „ირონიული ღიმილი“ და ბანზე აგდებული „თანასწორობა“... 
მაშინ, როცა კონსტიტუციაში თეთრზე შავით წერია: „ყველა ადამიანი თანასწორია“, რატომ გვჭირდება იმის გამეორება, რომ ქალი მოაზროვნე ადამიანია, მას აქვს სურვილები, განცდები და აქვს უფლება იცხოვროს ისე, რომ საზოგადოება არ კარნახობდეს რა ჯობია და როდის, არ აწუხებდეს უადგილო შეკითხვებით: როდის თხოვდები? და ახსენებდეს, რომ მამაკაცის გარეშე არაფერს წარმოადგენს. ქალსაც აქვს შეცდომების დაშვების უფლება  და საკუთარ შეცდომებზე სწავლაც შეუძლია.
ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ოჯახში ძალადობის საკითხზე,  ვმსჯელობთ, თუ როგორ მოვერიოთ არსებულ პრობლემას... ქალზე ძალადობა მაშინ იწყება, როცა დედა, მამა, ძმა ან ნებისმიერი, რომელიც გოგოს პატრონად თვლის თავს, მას უწესებს ქცევის ნორმებსა თუ წესებს მოტივით: „რა იცის მაგან რა ჯობია“...
მინდა გოგონების მაგიერ გადაწყვეტილებას სხვები არ იღებდნენ, მინდა მათ თავისუფლად შეეძლოთ საკუთარი თავის გამოხატვა, მინდა ბევრი განათლებული ქალი, მინდა, ძალიან ბევრი მინდა... და მჯერა, რომ ამას შევძლებთ...

ფატი ტვილდიანი,
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწე გენდერულ საკითხებში,
ბოლნისის პროპორციული სიით კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" 


Comments

Popular posts from this blog

ის, თუ ვის ავირჩევთ, პირდაპირ უკავშირდება ჩვენს მომავალს

„ქალის ყოფნა პოლიტიკაში აუცილებელია“