ბოლნისელი ქალები და მათი პრობლემები



„ქალები ითხოვენ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, სწორედ ამიტომ, ჩვენი მიზანია,  შევქმნათ ისეთი საზოგადოება, სადაც  ადგილი არ ექნება დისკრიმინაციას  და ყველა შეძლებს საკუთარი აზრის თავისუფლად დაფიქსირებას, ქალები და კაცები  საერთო საქმეზე ერთად მიიღებენ გადაწყვეტილებას.
კაცებისა და ქალებისათვის თანაბარი  უფლებების მინიჭება  მნიშვნელოვანია  მუნიციპალიტეტის განვითრებისთვის, საზოგადოების გამდიდრებისა და უსაფრთხოების ხარისხის გაზრდისათვის. ვფიქრობთ, ქალის გაძლიერება  საზოგადოებას მეტ სარგებელს მოუტანს,“ -  ამბობს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით შერაზადიშვილი, რომელთან ინტერვიუსაც ბოლნისელი ქალების საჭიროებებზე ქვემოთ შემოგთავაზებთ.




-         ბათონო დავით, იცნობთ თუ არა თქვენს რეგიონში მცხოვრებ ქალთა საჭიროებებს? რა სჭირდებათ ქალებს? მით უფრო, რომ თქვენ გამგებლის თანამდებობაზე გარკვეული პერიოდია უკვე მუშაობთ.
-         რა თქმა უნდა, ვიცნობთ თითოეული დასახლების პრობლემებსა და საჭიროებებს,
შეძლებისდაგვარად ვაგვარებთ კიდეც, მინდა გითხრათ, რომ თითქმის ყველა  სოფელში მიმდინარეობს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები   და ბევრი სასიკეთო ცვლილებებია  სოფლის მოსახლეობის კეთილდღეობისათვის,  მათ შორის ქალებისთვისაც. თუმცა, ვიცით, რომ  პრობლემები ჯერ კიდევ არსებობს და  ერთმანეთის იდენტურია: ბუნებრივი აირი, შიდა გზები, სასმელი წყალი, საბავშვო ბაღები და სხვა, ჩვენ ეტაპობრივად ვცდილობთ მოვაგვაროთ ყველა საკითხი, რაც ხალხს აწუხებს, თუმცა მოგეხსენებათ, რომ „ერთ დღეში სოფელი არ აშენებულა“, ყველაფერს დრო სჭირდება. თქვენ მკითხეთ, რომ ვიცნობ თუ არა ქალთა საჭიროებებს? გეტყვით - დიახ,  ვიცნობ, დაგისახელეთ კიდეც, განვმეორდები და გეტყვით, სოფლად მცხოვრები მოსახლეობისა და ქალების პრობლემების მოგვარება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, სწორედ ამიტომ ჩვენს მიერ დასაქმებული 10 ადამიანიდან 7 ქალია.
-         ადგილობრივი ქალები აცხადებენ, რომ შეხვედრებს მხოლოდ მამაკაცებთან აწყობთ, რა არის ამის მიზეზი?
-         მე კი საპირისპიროს გეტყვით, როგორც უკვე აღვნიშნე ქალებს ვხვდებით და შეხვედრებზე საკმაოდ აქტიურობენ, ჩვენ, ადგლობრივი თვითმმართველობა ხელს ვუწყობთ ქალთა გაძლიერებას, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ  არსებობს   გენდერული თანაშემწის შტატი, ასევე საკრებულოში გვაქვს „გენდერული თანასწორობის საბჭო“, „გენდერულ ღონისძიებათა სამოქმედო გეგმა“, ჩვენ ვმუშაობთ ქალთა გაძლიერების კუთხით, თუნდაც ამის ერთ-ერთი მაგალითია ახალი მუნიციპალური სერვისი „ქალთა ოთახი“. სწორედ მუნიციპალიტეტისა და ქალთა ოთახის შედეგია ის, რომ 525 ქალი დატრენინგდა და გახდა ინფორმირებული ქალთა უფლებების შესახებ. ვფიქრობთ, ეს მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც თანასწორობის უზრუნველყოფისკენ მიმართული მიდგომების დანერგვა სახელმწიფო თუ ადგილობრივი პოლიტიკის ფორმირებაში ჯერ კიდევ დიდ ძალისხმევას მოითხოვს. გენდერული დისბალანსის პრობლემის აქტუალიზებას ხელს უშლის წლების მანძილზე დაგროვილი და გადაუჭრელი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, ტრადიციები, რომელიც საზოგადოების უმეტესი ნაწილის  მიერ უფრო მნიშვნელოვნად აღიქმება.
გამოცდილებისა და ხედვების მთელი მრავალფეროვნების გათვალისწინება თავისთავად ხელს უწყობს სოციალური ფონის გაუმჯობესებას, საზოგადოების ინტერესებზე დამყარებული პოლიტიკის გატარებას. ასე, რომ ჩვენ არა მხოლოდ მამაკაცებს, არამედ ქალებსაც ვუსმენთ, სწორედ მათთან შეხვედრების შედეგია „გენდერულ ღონისძიებათა სამოქმედო გეგმა“, რომელიც აბსოლუტურად ქალთა საჭიროებებზეა მორგებული.
-         თუ გაქვთ საარჩევნო პროგრამა და თუ არის  ან თუ იქნება ქალთა საჭიროებები გათვალისწინებული? თუ შეგიძლიათ კონკრეტულად, რომ გვითხრათ?
-         საარჩევნო პროგრამაზე ვმუშაობთ, ვხვეწავთ, პროგრამაში მოიყრის თავს ყველა ის ძირითადი საკითხი რაც მოსახლეობას აწუხებს და  იქნება ის ხედვები, თუ როგორ შეიძლება ამა თუ იმ პრობლემების მოგვარება, რომ გაუმჯობესდეს მოსახლეობის ცხოვრების დონე. ქალები ითხოვენ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, სწორედ ამიტომ, ჩვენი მიზანია  შევქმნათ ისეთი საზოგადოება, სადაც  ადგილი არ ექნება დისკრიმინაციას  და ყველა შეძლებს საკუთარი აზრის თავისუფლად დაფიქსირებას, ქალები და კაცები  საერთო საქმეზე ერთად მიიღებენ გადაწყვეტილებას.
კაცებისა და ქალებისათვის თანაბარი  უფლებების მინიჭება  მნიშვნელოვანია  მუნიციპალიტეტის განვითრებისთვის, საზოგადოების გამდიდრებისა და უსაფრთხოების ხარისხის გაზრდისათვის. ვფიქრობთ, ქალის გაძლიერება  საზოგადოებას მეტ სარგებელს მოუტანს.
-         საარჩევნო კამპანიის პერიოდში აქტიური იქნება მოსახლეობასთან შეხვედრები, არის თუ არა დაგეგმილი შეხვედრების ორგანიზება სოფლად მცხოვრებ ქალებთან?
-         მინდა გითხრათ, რომ  ჩვენი მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი პირველია, რომელიც უსმენს და ითვალისწინებს ქალების აზრს, მოგეხსენებათ, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მრავალეთნიკური  მოსახლეობა ცხოვრობს, სადაც  პატრიარქალური ნორმები დომინირებს და მიღებულია, რომ ქალი თავისი გენდერული როლიდან გამომდინარე, უნდა იყოს დაკავებული ოჯახის საქმეებით, ბავშვების აღზრდით და  მას არ მოეთხოვება  სოციალურ-პოლიტიკურ  ცხოვრებაში აქტიურობა, ამ სტერეოტიპების დასამსხვრევად და გენდერული  თანასწორობის მისაღწევად  ადგილობრივმა  ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.  
ქალის ხმა  გადაწყვეტილების მიღების პროცესში პირველად 2015 წელს დაფიქსირდა, როდესაც  სოფლის კრებებზე  პრიორიტეტების შერჩევაში ჩვენი ძალისხმევით  ქალთა მონაწილეობამ 38 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2016 წელს ეს მაჩვენებელი 49 პროცენტამდე გაიზარდა. ვფიქრობ,  ასევე საინტერესოა,   ხელმძღვანელ თანამდებობებზე დასაქმებულ ქალთა რაოდენობა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურებში, ა(ა)იპ-ებსა და შპს-ებში, საკრებულოში ქალები წამყვან პოზიციებზე ასე გადანაწილდნენ: საკრებულოს აპარატის უფროსი ერთი, საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე ერთი,  გამგებლის მოადგილე ერთი, განყოფილების უფროსი ექვსი,  სოფლებში გამგებლის წარმომადგენელი სამი მათგან 1 ეთნიკურად აზერბაიჯანელი, შპს დირექტორი 2, ა(ა)იპ უფროსი შვიდი. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ქალთა ჩართულობამ პრიორიტეტთა ჩამონათვალი შეცვალა,  „ქალის ხმამ მნიშვნელობა შეიძინა“, რამაც კიდევ უფრო შეუწყო ხელი სოფლის განვითრებას, როგორც უკვე მოგახსენეთ  ჩვენ გვაქვს პრატიკული გამოცდილება ქალებთან  თანამშრომლობის. გადაწყვეტილი გვაქს, რომ სოფლად მცხოვრებ ქალებს  არაერთხელ შევხვდეთ, მოვუსმინოთ და შესაბამისი გადაწყვეტილებებიც მივიღოთ.


Comments

Popular posts from this blog

ის, თუ ვის ავირჩევთ, პირდაპირ უკავშირდება ჩვენს მომავალს

„ქალის ყოფნა პოლიტიკაში აუცილებელია“