გულახდილი საუბრები
ქალებთან
იციან, რომ უფლება
არ აქვთ, რომ მათ მაგივრად გადაწყვეტილება მამამ, ძმამ, დედამ, დედამთილმა, ქმარმა... კაცებმა უნდა მიიღონ. იციან, რომ უნდა იშრომონ, თავაუღებლად - დილის
6 საათიდან გვიანობამდე...
თავიდანვე გადაწყდა, რომ მათ პრობლემებზე ღიად სასაუბროდ
პირისპირ, კაცების გარეშე შევხვდებოდით - წყაროებზე, მინდორში. რომ უფრო გულახდილები ყოფილიყვნენ, ღიად ესაუბრათ
მათ სურვილებზე, პრობლემებზე, ოცნებებზე…
ჩვენს შეკითხვაზე,
რომ მათ საჭიროებებზე უნდა ვისაუბროთ, რა სჭირდებათ, რა სურთ, რა პრობლემები აქვთ, შეკითხვითვე გვპასუხობენ - რა არის ქალთა საჭიროება? და უკვირთ, რომ გვაინტერესებს... უკვირთ, რომ ქალს
შესაძლოა ჰქონდეს საჭიროება...
შეზღუდული თავისუფლება
„ხელისუფლებას მხოლოდ არჩევნების დროს ვახსენდებით...
კანდიდატები მოდიან „ბირჟაზე“, ჩვენს კაცებს დაპირებებს აძლევენ, ჩვენც მათ ვაძლევთ ხმას და მერე აღარავის ვახსოვართ.
ჩვენ მათ პირადად ვერ ვხვდებით, არ გვაქვს
ამის უფლება... ტრადიცია გვიკრძალავს და კაცები არ გვაძლევენ ამის უფლებას. კარგი რაა,
„ქალაქურად“ გვეუბნებით, მივიდეთ და ჩვენი აზრი ვთქვათ? ეგ თქვენთვისაა ადვილი,
ჩვენთვის ვერა, მერე ქმრები რას გვეტყვიან? სახლში აღარ შემოგვიშვებენ... ჩვენმა კაცებმა
იციან რა პრობლემები გვაწუხებს და ისინი უყვებიან... ჩვენზე უკეთ არ იციან? ეგ მართალია,
მაგრამ ჩვენ არ გვაქვს მაგდენი განათლება და ვერ გავბედავთ მთავრობის კაცებს შევხვდეთ... არ გვაქვს ამის უფლება. რა საჭიროებები გვაქვს?
ჩვენ ვშრომობთ, ოჯახს ვუვლით, ბავშვებს ვზრდით... სხვა რა გითხრათ...“ - ასე ფიქრობენ ეთნიკურად აზერბაიჯანელი ქალები, რომლებსაც თუ
ჩაეძიები აღმოჩნდება, რომ ძალიან ბევრი და სერიოზული პრობლემები აქვთ.
50 თეთრად ნაყიდი წყალი
"მინდორში
ვმუშაობთ
მთელი დღე, დილის 5-6 საათიდან; ზაფხულში - 40 გრადუს სიცხეში, ჯოჯოხეთურ პირობებში,
მე ახლა 60 წლის ვარ და თუ ასე გავაგრძელე 2 წელიწადში ცოცხალი აღარ ვიქნები... რომელ
საჭიროებაზე გესაუბროთ... საჭიროებაა ის, რომ არ გვაქვს წყალი, არაადამიანურად დაღლილი,
სახლში მისული
დასალევ წყალს ვეძებ.
კვირაში ერთხელ სოფელში გასაყიდად მოაქვთ ცისტერნებით, 50 ლიტრი 50 თეთრი ღირს. ჭას
ვერ ვაკეთებთ, მიწაა ისეთი, არ მოდის წყალი, ვისაც აქვს, უვარგისი წყალია, ისეთი მარილიანია,
ვერაფერში გამოიყენებ. სოფელში წყაროც არ არის. რამდენი წელია გვპირდებიან,
რომ წყალს გამოგვიყვანენ, მაგრამ უშედეგოდ... წყლის ზიდვით ხელები დაგვიგრძელდა... არ გვაქვს
ბაღი, სადაც ზაფხულში, როცა მინდორში ვმუშაობთ შეგვეძლება ბავშვების დატოვება... აი, ხედავთ, ბავშვები აქ გვყავს, ყველა სოფელში თითო
ბაღის გახსნა აუცილებელია.“
დანაგვიანებული სოფლები
აზერბაიჯანელ ქალთა კიდევ ერთი პრობლემა სოფლებიდან
ნაგვის გატანა და საკანალიზაციო სისტემების მოწყობაა. ეთნიკური აზერბაიჯანლებით დასახლებულ სოფლებში ყველა
ფეხის ნაბიჯზე შეგხვდებათ ნაგავსაყრელები,
რის გამოც ძალზე წუხან ქალები.
„ნაგვის გატანის
პრობლემა გვაქვს სერიოზული, არც მანქანა დადის და არც ბუნკერები დგას, რომ ნაგავი გადავყაროთ.
ვაგროვებთ ნაგავს და თუ ვინმე მიდის მარნეულში, მათ ვატანთ გადასაყრელად. არადა, არხში,
ქუჩაში ვყრით... აბა, რა ვქნათ? ზოგ ადგილას ნაგვის გორებია, ბავშვები ნაგავსაყრელებზე
თამაშობენ. ერთი სერიოზული პრობლემაც გვაქვს - კანალიზაციის პრობლემა. სოფელში არხი
ჩამოდის და იმ არხშია ღიადაა ჩაშვებული ყველაფერი, ეს არხი თუ გაიჭედა ან წვიმების
დროს გადმოვიდა, აი, მაშინ უნდა ნახოთ რა დღეში ვართ. განსაკუთრებით მძიმე სიტუაციაა ზაფხულში... საშინელი სული და მწერებით
ივსება აქავრობა. არც გარე განათება გვაქვს სოფელში, შიშით ღამე გარეთ ვერ გამოვდივართ,
რომ სადმე არ ჩავვარდეთ... სკოლებში ტუალეტები არ არის, ან თუ არის იქ შესვლა შეუძლებელია,
ბავშვები ან სახლში მოდიან თუ ახლოს ცხოვრობენ, ან სკოლის გვერდით მცხოვრებ მეზობლებთან მიდიან...
ძალიან მძიმე მდგომარეობაა ამ მხრივ... განსაკუთრებით, გოგონებისთვისაა პრობლემა. ამის
გამო, მათ ხშირად სკოლის გაცდენაც უწევთ...“
დასაქმების პრობლემა
„ადრე გამათხოვეს,
15 წლის ვიყავი, სწავლა არ მინდოდა, არც მშობლები ითხოვდნენ ამას ჩემგან, სხვა რა უნდა მეკეთებინა? ამიტომ გავთხოვდი. ახლა
ძალიან ვწუხვარ, რომ განათლება არ მივიღე. მე გაუნათლებელი ქალი ვარ, წერა-კითხვაც
არ ვიცი ნორმალურად და რა ვაკეთო? ძროხები მყავს და რძეს ვყიდი, ჩემი შემოსავალი ესაა. ჩვენ თავად ვერ ვამზადებთ საქონლის საკვებს და ის,
იმდენად ძვირია, გაყიდული რძისგან კაპიკები მრჩება. ჩვენს სოფელში ქალები არ მუშაობენ, არც განათლება
გვაქვს და არც სამსახურია შესაფერისი. ამხელა
სოფელში ორი ქალი მუშაობს მხოლოდ, მასწავლებლები არიან. ჩვენი ქალები სახლში არიან,
საქონელს ვუვლით, ბავშვებს ვზრდით, კაცებს ვემსახურებით, მოსავალს ვყიდით, მინდორში ვმუშაობთ. ჩვენი ქალები
არ მუშაობენ, არც სამსახურია და არც ჩვენი კაცები მოგვცემენ მაგის უფლებას.“
ქართული ენა
„ჩვენ არ ვიცით ქართული ენა, მაგრამ ძალიან გვინდა
შვილებმა ისწავლონ, ჩვენსავით აღარ იქნებიან, სწავლას გააგრძელებენ, სამსახურს იშოვნიან...
ქართული ენის ცოდნა ახლა აუცილებლობაა, ბავშვებს ვასწავლით, გვინდა, რომ ძალიან კარგად
იცოდნენ, საჭიროა... პროგრამა მოქმედებს და ზოგ სკოლაში ასწავლიან, მაგრამ არ არის
საკმარისი, კარგი იქნება თუ ადგილობრივი ხელისუფლება ამ პრობლემის მოგვარებაზე იზრუნებს,
რაიმე დამატებით ცენტრებს გახსნის, სადაც ქართულ ენას საფუვლიანად შეისწავლიან ბავშვები.“
„ჩვენთვის გასართობი
საშუალებები?... რა გართობა, აი, საღამოს თუ შევძლებთ, მეზობლის ქალებთან ჩაის ვსვამთ,
ეგაა... არც ბიბლიოტეკა გვაქვს, არც კიო, არც კულტურის სახლები... სად წავიდეთ. ჩვენ
კი არა ბავშვებისთვის არ არის არაფერი, სპორტული მოედნებიც კი არ აქვთ ბავშვებს, რომ
ითამაშონ... რა კარგი იქნებოდა გასართობი მოედნები რომ გაგვიკეთონ ბავშვებისთვის. მახსოვს ბავშვობაში კულტურის სახლში
კონცერტები იმართებოდა, სპექტაკლებს მართავდნენ... დედა და დეიდა გამოიპრანჭებოდნენ
და მივყავდით ჩვენც... კარგი იყო... სილამაზის სალონები?!.. რას ამბობთ, რა სალობი,
სად გვაქვს მაგისთვის დრო... არც არის და არც მოგვცემენ კაცები მაგის ნებას...“ - და
ყვებიან ქალები როგორ შრომობენ დილის 5-6 საათიდან
40-გრადუსიან სიცხეში მოსავლის აღებაზე - მინდორში, სათბურებში იმისთვის, რომ დღიურად
15-20 ლარი მოიპოვონ, როგორ აგრძელებენ შემდეგ შრომას სახლში, უვლიან ბავშვებს, ოჯახს,
ბაღ-ბისტანს, საქონელს, ქმრებს... შრომობენ თავაურებლად...
-
ბედნიერები ხართ? - მიჩნდება სურვილი ვკითხო...
-
...
ბედნიერები?! - გაკვირვებულები მპასუხობენ...
-
ბედნიერებაც ხომ თქვენი საჭიროებაა?!
-
ბედნიერები?!.. ვართ... ვშრომობთ, შვილები გვყავს,
შვილიშვილები, ოჯახს ვუვლით, საქონელს, ქმრები...
მარიამ ალავიძე
Comments
Post a Comment