"ჩვენი აზრი არავის აინტერესებს..."



„მთავრობას მხოლოდ არჩევნების დროს ვახსენდებით... კანდიდატები მოდიან  „ბირჟაზე“, ჩვენს კაცებს დაპირებებს აძლევენ,  ჩვენც მათ ვაძლევთ ხმას და მერე აღარავის ვახსოვართ. ჩვენმა კაცებმა იციან რა პრობლემები გვაწუხებს და ისინი უყვებიან... ჩვენზე უკეთ არ იციან?!  მაგრამ ჩვენ არ გვაქვს მაგდენი განათლება და ვერ გავბედავთ   მთავრობის კაცებს შევხვდეთ...  არ გვაქვს ამის უფლება. რა საჭიროებები გვაქვს? ჩვენ ვშრომობთ, ოჯახს ვუვლით, ბავშვებს ვზრდით... სხვა რა გითხრათ...“ -    ასე ფიქრობენ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელი ქალები და უკვირთ, როცა მათ საჭიროებებზე ეკითხები... უკვირთ, რადგანაც, ფიქრობენ, რომ მათი ცხოვრების წესი ნორმაა, რომ წყაროდან წყალი უნდა ზიდონ, მინდვრებში დაქირავებულ მუშახელად იმუშაონ, ბაღ-ბოსტანს, საქონელს მოუარონ, ქმარს, შვილებს, ოჯახს, მიხედონ...  თუმცა, თუ ჩაეძიები აღმოჩნდება, რომ ძალიან ბევრი და სერიოზული პრობლემები აქვთ.

„წყალი სერიოზული პრობლემაა, სასმელ წყალს ვყიდულობთ. კვირაში ერთხელ მოაქვთ ცისტერნებით, 50 ლიტრა 50 თეთრი ღირს. ხელები დაგვიგრძელდა წყლის ზიდვით... აი, მე, ქალი ვარ, არ ვმუშაობ, ძროხები მყავს, რძეს, ყველს, კარაქს ვყიდი. ძროხა ხომ უნდა დავბანო, სუფთად რომ მოვწველო, წყალი მინდა ამისთვის, ძალიან ვწვალობ... ისიც პრობლემაა, რომ აქ საძოვრები არ გვაქვს და ვყიდულობ ძროხებისთვის საკვებს, რაც გაცილებით უფრო ძვირი ღირს, ვიდრე გაყიდული ჩემი პროდუქტი...“ - ამბობს  მუღანლოელი ნორატ ალიევა და მას  სხვა თანასოფლელი ქალებიც ეთანხმებიან. 
„სოფელში ნაგვის ბუნკერები არ დგას, ნაგავს ვაგროვებთ და თუ ვინმე მიდის მარნეულში ვატანთ გადასაყრელად, არადა, პირდაპირ გზაზე ყრიან და საშინელი სიბინძურეა, მერე იქ ფრინველი, საქონელი მიდის ჭამს ამ ნაგავს, წარმოიდგინეთ რა დღეში ვართ, განსაკუთრებით ზაფხულში... მწერები, ყარს აქავრობა...“

„შიდა გზები გასაკეთებელია, გარე განათებები არ არის, ბავშვებს საღამოს გარეთ ვერ ვუშვებთ და ჩვენც ვერ გავდივართ ქუჩაში... ძალიან გვიჭირს, ბავშვებს სკოლაში ვერ ვუშვებთ, რადგან არ გვაქვს წიგნების და ტანსაცმლის ყიდვის საშუალება..  სამედიცინო პუნქტი რომ გახსნან ეგ გვინდა ძალიან, საჭიროა. ვიცით, რომ არსებობს საყოველთაო დაზღვევა, მაგრამ როგორ გამოვიყენოთ ეგ არ ვიცით...სახელმწიფო სერვისების შესახებ თითქმის არაფერი ვიცით. კარგი იქნება თუ პერიოდულობით საინფორმაციო შეხვედრებს ჩაგვიტარებენ და გვეტყვიან ამ ყველაფრის შესახებ...“

„არ არის სპორტული მოედნები, სადაც ბავშვები ითამაშებენ, გაერთობიან; არ არის ბიბლიოთეკა, გვაქვს კულტურის სახლი, ადრე იქ კონცერტები, სპექტაკლები, შეხვედრები იმართებოდა. მახსოვს, დედა, დეიდა გამოიპრანჭებოდნენ და დადიდონენ, ჩვენც დავყავდით, ახლა?  წასასვლელიც არსად გვაქვს...“

„სამსახურები არ არის, ახალგაზრდები ვერსად  მუშაობენ და მიდიან თურქეთში ან ბაქოში, თითქმის დაცარიელდა სოფელი. ქართული ჩვენთან თითქმის არავინ იცის, სკოლაში არ ასწავლიან, არადა, საჭიროა ძალიან, გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმა ქართული ისწავლონ, განათლება მიიღონ. არ გვინდა, ჩვენნაირად მძიმე ცხოვრებით იცხოვრონ...“     
„პრობლემები ძალიან ბევრი გვაქვს. რომელი ერთი მოგიყვეთ...  არჩევნებიაო ხომ თქვით, ჩვენთან მაინც არავინ მოვა, არ მოგვისმენენ... ჩვენი აზრი არავის აინტერესებს... ჩვენ მივიდეთ შეხვედრებზე?!  ქალაქურად ამბობთ... ეგ თქვენთვის, ქალაქელებისთვის ადვილია...  ვერ შევხვდებით ვერავის, ჩვენი კაცები არ გვაძლევენ უფლებას... ეს არ შეიძლება...  ჩვენ ქალები ვართ... კაცები ლაპარაკობენ ჩვენს მაგივრად, იმათ იციან ყველაფერი და გადაწყვეტილებასაც ისინი მიიღებენ მერე... ჩვენ გაუნათლებლები ვართ, არც ვიცით ვინაა ჩვენი დეპუტატი, სოფლის რწმუნებული...“

ეს მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთი სოფლის - მუღანლოს ქალების ისტორიაა, რომელიც ყველა დანარჩენ  სოფელში მცხოვრებ ქალთა მსგავსია. ისტორიები ერთნაირია:  მე-9, მე-10 კლასის შემდეგ გოგონებისგან დაცარიელებული სკოლები - უმეტეს შემთხვევაში, ნაადრევად და სურვილის საწინააღმდეგოდ გათხოვება,  ადრეულ ასაკში შვილების გაჩენა... და იწყება ოჯახური ცხოვრების რუტინა... წყაროდან წყალი უნდა ზიდონ, მინდვრებში დაქირავებულ მუშახელად იმუშაონ, ბაღ-ბოსტანს, საქონელს მოუარონ, ქმარს, შვილებს, ოჯახს მიხედონ... დედამთლის ყველა ბრძანება უსიტყვოდ შეასრულონ, ქმარს დაემორჩილონ... საჭიროებები ბევრი აქვთ, თუმცა, მასზე არ საუბრობენ, ფიქრობენ, რომ სხვანაირად არ შეიძლება, რომ ისინი ქალები არიან...

„ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“  ქვემო ქართლის რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში - გარდაბანში, მარნეულსა და ბოლნისში მცხოვრებ ეთნიკურად აზერბაიჯანელ ქალებთან 20  შეხვედრა გამართა, რომლის მიზანიც სოფლად მცხოვრებ აზერბაიჯანელ ქალთა საჭიროებების გამოვლენა იყო.  
 შეხვედრები პროექტის და ხარი ქათა ოლიიკაში ჩართლობას!“  ფარგლებში ჩატარდა,  რომელიც  ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. 
 პროექტის  მიზანია  ამომრჩეველი ქალების საჭირობების გამოვლენა და არჩევნებში ჩართული ყველა მხარის ცნობიერების ამაღლება, რათა ხელი შეეწყოს 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში  ქალი ამომრჩევლების მონაწილეობის ზრდას.   

მარიამ ალავიძე

Comments