ქალის ბლოგი
მე, საქართველოს მოქალაქე ქალი ვარ!
მუხროვანი გარდაბნის
მუნიციპალიტეტის სოფელია.
ადგილობრივები დაკარგულ
სოფლად მოიხსენიებენ!
სოფელში ქართველი
და აზერბაიჯანელი მოსახლეობა ცხოვრობს. ჰო, ეკომიგრანტებიც ცხოვრობენ. ადამიანები,
რომლებმაც ერთ დილას აღმოაჩინეს, რომ სახლი ახლა სხვა ადგილს ერქმევა. ამ ხალხმა ყველაზე
მეტად უნდა იცოდეს გაჭირვების და მხარდაჭერის ფასი. იციან კიდეც, ალბათ.
მე ამ სოფელში მცხოვრებ
ეთნიკურად აზერბაიჯანელ ქალებზე მოგიყვებით.
საღამოს შევხვდით,
სოფლის შესასვლელში. მივედით, რომ ქალთა საჭიროებებზე გვესაუბრა. ეთნიკურად აზერბაიჯანელი, აზერბაიჯანულად
მოსაუბრე ფასილიტატორიც გვახლდა. ვიფიქრეთ,
მასთან კონტაქტი გაცილებით გაუადვილდებოდათ ქალებს, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ,
მაგრამ ქართული ერთი სიტყვაც არ იციან.
ჩვენ ასე ვიფიქრეთ...
გამოცდილებამ გვაფიქრებინა. ქვემო ქართლის 30 სოფელში შევხვდით ქალებს მათ პრობლემებზე
სასაუბროდ და უდიდესი ნაწილი ქართულად ვერ საუბრობს, არ იციან...
სოფლის შესასვლელში წარწერა დაგვხვდა, არასწორად დაწერილი სოფლის სახელი:
მუხრანი... არადა, მუხროვანში ვიყავით... აზერბაიჯანელი
აიდანის იქ ყოფნა კიდევ ერთხელ გავამართლე გულში.
საბჭოთა დროინდელ
შავ
,,ვოლგასთან“ ოცზე მეტი ადამიანი დაგვხვდა. შეხვედრის ფორმატიდან გამომდინარე, საინფორმაციო
ფურცლების დარიგება დავიწყეთ. ფურცლები აზერბაიჯანულ ენაზე იყო.
,,ვოლგასთან“ ყველაზე
ახლოს ერთი ქალბატონი იდგა. უკვე ასაკში, ბებია.
- ,,ქართულ
ენაზე არ გაქვთ? მე აზერბაიჯანულად კითხვა არ ვიცი, აქ არავინ არ იცის,“ - მითხრა გამართული ქართულით.
გაკვირვებულმა შევხედე
ამ ქალს, ბებიას.
მუხროვანი 15 სექტემბერი:
ეს იმ დღის დასაწყისი
იყო...
ისტორია ბებიას
ეხება, რომელსაც ორი შვილიშვილი ჰყავს. შვილი არცერთი. ამ ქალს და მთელ სოფელს უჭირს.
შექმნილი სიტუაცია არაფრით ჰგავს 21 საუკუნის სოფლის ისტორიას. არ არის წყალი,
გზა, სათიბი და საძოვარი. იმისთვის, რომ საქონელი გამოკვებოს, საკუთარ სოფელში, საძოვარში
იჯარას იხდის. იჯარა ჩვენთვის, ქალაქელებისთვისაც
კი ძვირია.
ცხოვრების ბოლო
დღეებს ვითვლიო, - ასე მითხრა. ,,ეს ჩემი სახლია, ჩემი მიწაა. აქ დავასაფლავე ჩემი
ბებია და ბაბუა, ჩემი მშობლები, ჩემი შვილი. მე შვილმკვდარი დედა ვარ, საქართველოს
მოქალაქე ქალი და დედა! მე მინდა ამ ქვეყანაში თავი ადამიანად ვიგრძნო, ვერავინ ვერ
უნდა მითხრას, დატოვე შენი მიწა და შენს ქვეყანაში წადი, სად?! ჩემი ქვეყანა ეს არის,
მე ქართველი ვარ!“
სამართალი ვერ იპოვა.
სახლიც არ აქვს საკუთრებაში, არც მას და არც სოფლის სხვა მაცხოვრებლებს. ძროხა, რომელიც
არსებობის ერთადერთი საშუალებაა, ვერ ინახავს.
შუქის ფულს ვერ იხდის. სასმელი წყალი არ აქვს. დილიდან ღამემდე თვალი ცრემლით ასჯერ
მაინც ევსება. მოსმენითაც არავინ უსმენს... სახელმწიფო არ ეხმარება! შვილიშვილები სკოლამდელ განათლებას
ვერ იღებენ. დრო, რომ მოვა ერთი წლის შემდეგ, სკოლაშიც ვერ წავლენ...
ბავშვები ბედს შეგულებულები,
სათამაშოდ ჩვენს მიცემულ ,,ფლაერებს“ გამოიყენებენ...
ისტორია მძიმედ
მოსასმენი იყო.
ამ ქალს, ბებიას
მხარდაჭერა სჭირდება.
ორ პატარას მომავალი.
ეს ქალი საქართველოს
მოქალაქეა!
მუხროვანი მართლაც
დაკარგული სოფელია.
სოფელი, სადაც მცხოვრები
აზერბაიჯანელი ქალები გადარჩენისთვის გზას
ეძებენ და ვერ პოულობენ...
ხათუნა მამარდაშვილი,
რუსთავის გენდერის მედიაცენტრის დირექტორი
Comments
Post a Comment