ქალის ბლოგი


33 -ი

რამ გამახსენა 33 ?!
ერთმა  ქალმა, ჩემი ასაკის ქალმა...
სათბურში შეხვედრის ჩასატარებლად შესულ ჯგუფს 20-მდე აზერბაიჯანელი ქალი შეგვეგება. მომღიმარი სახეებით, ხმამაღალი სიცილით, შეძახილით. გაუხარდათ ჩვენი დანახვა, ჩვენი მოსმენა.  ჩვენ იმ ქალებისთვის შუამავალი ვართ  საკუთარ სამყაროსა და სხვა, ჩვენს სამყაროს შორის. ჩვენ ვუყვებით ქვეყნის ამბავს, ვუყვებით რომ ისინი არიან ქალები და არიან ადამიანები... აქვთ უფლება  ჰქონდეთ სურვილები, აქვთ უფლება აიმაღლონ ხმა და იბრძოლონ საკუთარი უფლებისთვის. ვთხოვთ, რომ მოინდომონ... არ შეეშინდეთ  არც ქმრის, არც მამამთილის, არც მამათილის ძმის, საკუთარი მამის... კაცების... რომ ჩვენ მათ გვერდით ვართ. ჩვენ ისინი გვიყვარს, ისინი ჩვენიანები არიან.
...შემთხვევით შევნიშნე  ჩითილების რიგში მჯდარი, თავჩარგული ახლაგაზრდა ქალი. ქალი, რომელსაც ნაოჭები არა ასაკმა,   მძიმე ყოფამ, ცხოვრებამ გაუჩინა. მისი თვალები...   ჩამქრალია...   დარდით სავსე... ამომხედა, ასაკი ვკითხე...
  ერთი ასაკის ვართ. ისიც და მეც. 33 წლის ასაკში ამ ახალგაზრდა ქალს სიცოცხლის ხალისი არ აქვს. მას 4 შვილი ყავს. დილიდან ღამემდე სათბურში მუშაობს. სათბურში სადაც სუნთქვა თითქმის შეუძლებელია. დილიდან ღამემდე ახვევს პომიდორს და საკუთარ მკაცრ ბედზე ფიქრობს. არაფერი  იცის. არ აქვს განათლება. თითქმის ვერ კითხულობს. არ იცის და ეშინია, რომ ისწავლოს, ეშინია, რომ იკითხოს. ეშინია, რომ   დახმარება ითხოვოს, თავი დაიცვას... არ იცის და არც უნდა  იცოდეს. მან საკუთარი ბედი გადაწყვიტა .
დღეს ჩვენ შევხვდით ორი ქალი, ერთი ასაკის. ჩვენი ცხოვრების წლები ერთანაირად უმოწყალოდ ჩქარა მიქრის... სხვა ვერ ვნახე საერთო.
 მინდა რომ ის ფიქრობდეს ისე, როგორც მე...   მინდა, რომ მან იბრძლოს ისე, როგორც მე მაქვს ბრძოლის ძალა!
მე უნდა დავეხმარო!
ჩვენ უნდა დავეხმაროთ!
ამ ქალებს აქვთ შესაძლებლობა!
ისინი შრომობენ ასჯერ უფრო მეტს ვიდრე ჩვენ!
ჩვენს შორის განსხვავება არ არის!
ეს ხალხი ჩვენი საზოგადოების ნაწილია!


ხათუნა მამარდაშვილი,
"ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის"
ქვემო ქართლის გენდერის მედიაცენტრის დირექტორი

Comments

Popular posts from this blog

ის, თუ ვის ავირჩევთ, პირდაპირ უკავშირდება ჩვენს მომავალს

„ქალის ყოფნა პოლიტიკაში აუცილებელია“